ენერგია ნათელი მომავლისთვის!

ბაკურიანის ენერგომომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“, 6 200 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს

Bakuriani++ზამთრის საკურორტო ზონებში, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის გათვალისწინებით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპის განხორციელებას იწყებს. მაღალი ძაბვის ქვესადგურში უკვე შეიცვალა ძველი ძალოვანი ტრანსფორმატორი,  ახალი, უფრო მძლავრი ტრანსფორმატორით, რომელიც ექსპლუატაციაში მიმდინარე თვეს შევა. სამუშაოების ფარგლებში, წლის ბოლომდე ასევე განხორციელდება 3 კმ-მდე სიგრძის მიწისქვეშა კაბელის დამონტაჟება.

სამუშაოების მეორე ეტაპი მომავალ წელს დაიწყება,  აშენდება ახალი გამანაწილებელი პუნქტი, ქვესადგურს ,,ბაკურიანი“ ჩაუტარდება სრული, კაპიტალური რეკონსტრუქცია, მაღალი ძაბვის სამ ელექტროგადამცემ ხაზს (ცემი-1, ცემი-2, ცემი-3) ჩაუტარდება რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია.

,,ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა, განსაკუთრებით  საკურორტო ზონებში ფიქსირდება, მათ შორის რათქმაუნდა ჩვენი ერთერთი მთავარი პრიორიტეტია ბაკურიანის სტაბილური ელექტრომომარაგება. მიუხედავად იმისა, რომ ბაურიანში უკვე განახორციელდა მნიშვნელოვანი ტექნიკური პროექტები, კომპანიამ გადაწყვიტა კიდევ უფრო მასშტაბური პროექტის განხორციელება. აღნიშნული სამუშაოების დაწყება საკმაოდ მნიშვნელოვანია დაბისთვის. პროექტის დასრულების შემდეგ, კიდევ უფრო საიმედო გახდება ბაკურიანის ენერგომომარაგება, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას“- განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს  გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

აღნიშნული პროექტის განხორციელება, 2019 წლის ბოლოს დასრულდება და საერთო ჯამში, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ 6 200 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.