ენერგია ნათელი მომავლისთვის!

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადება „სალვუს დეველოპმენტის“ მფლობელის გიორგი სოზაშვილის ცილისწამებასთან დაკავშირებით

logo

2018 წლის 13 ივლისს, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მცხეთის მომსახურების ცენტრის ტერიტორიაზე, ნაფეტვრებში, კომპანიის თანამშრომლების მიერ აღმოაჩენილ იქნა ტყეში შენიღმული ავტობუსი, რომელშიც განთავსებული იყო ე.წ. მაინერები. აღნიშნული ავტობუსი, აღრიცხვის წრედის გვერდის ავლით, პირდაპირ სატრანსფორმატორო პუნქტიდან, უკანონო მოიხმარდა ელექტროენერგიას. გარდა ელექტროენერგიის დატაცებისა, სრულად იყო დარღვეული ელექტროენერგიის მოხმარების უსაფრთხოების წესები. შესაბამისად, კანონის სრული დაცვით, ადგილზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. სწორედ ამის გამო, კომპანიამ განცხადებით მიმართა სამართალდამცველ ორგანოებს. არსებობდა რისკი, რომ აღნიშნული ავტობუსი კიდევ არაერთ წერტილში მოახდენდა მსგავსი სახის უკანონო მოხმარებას, ასევე დაარღვევდა უსაფრთხოების წესებს, რაც სიცოცხლის საფრთხეს შეუქმნიდა მოსახლეობას.

რაც შეეხება ბრალდებებს, კომპანიის თანამშრომლების მხრიდან ფინანსური დაინტერესების შესახებ, არის სრული აბსურდი და ცილისწამება, რადგან ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი სწორედ კომპანიის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ოპერატიულად და მიუხედავად შეთავაზებისა, რომ მომხდარიყო ფინანსური გარიგება და არ დაფიქსირებულიყო დატაცება, კომპანიის თანამშრომლებმა იმოქმედეს კანონის სრული დაცვით,  შეადგინეს შესაბამისი ადმინისტრაციული ოქმი. უფრო მეტიც, ამის შემდეგ დაიწყო აღნიშნული მოძრავი საშუალების გადაადგილების მუდმივი მონიტორინგი, სწორედ ამის მონიტორინგის საფუძველზე აღმოჩენილი იყო მეორე მოხმარების წერტილიც.

თავად ფაქტი, რომ კრიპტოვალუტის გამომუშავების სერვერები დამონტაჟებულია ავტობუსში, წარმოშობს გონივრულ ეჭვს, რომ სწორედ ელექტროენერგიის დატაცების მიზნით არის მოწყობილი მოძრავი საშუალება, რათა მუდმივად გადაადგილდეს ქსელში და მცირე დროის მონაკვეთში მაინც (2-3 დღე) აწარმოოს ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება. აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტის თვითღირებულებაში საკმაოდ დიდი წილი ეკუთვნის ელექტროენერგიის ხარჯს.

კომპანიაში არსებობს ინფორმაცია, რომ შესაძლოა მსგავსი მოძრავი საშუალებები კიდევ გადაადგილდებოდნენ მის სამოქმედო არეალში და ახდენდნენ ელექტროენერგიის დატაცებას. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შესაბამის სამსახურებს დავალებული აქვთ მკაცრი კონტროლი განახორციელონ აღნიშნული შემთხვევების პრევენციის და დატაცების ფაქტების მაქსიმალურად შემცირების მიმართულებით.