დღეს ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსანტებმა გუმათის და რიონის ჰიდროელექტროსადგურები სასწავლო ექსკურსიის ფარგლებში დაათვალიერეს. მოსწავლეებმა ჰესები და კაშხალი ნახეს და ჰიდროსადგურების მუშაობას გაეცვნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის თხოვნით სასწავლებლის მეორე და მესამე კურსელები დღეს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებულ გუმათის და რიონის ჰესებს ესტუმრნენ. მოსწავლეებს მეგზურობა სადგურების ტექნიკურმა პერსონალმა გაუწია, რომლებმაც კურსანტებს მოკლედ აუხსნეს ჰიდროელექტროსადგურის მუშაობის პრინციპი, დაათვალიერებინეს კაშხალი, საგენერატორო შენობები და მართვის ფარი.
რიონის ჰიდროელექტროსადგური საქართველოში აგებული მეორე დიდი ჰესია, რომელიც ექსპლუატაციაში 1933 წელს შევიდა და დღემდე სრული დატვირთვით მუშაობს, ხოლო გუმათის კასკადი 1956-58 წლებში გაეშვა და საქართველოში ერთადერთი კაშხალთან მდებარე ჰესია. 2007 წელს რიონჰესი და გუმათის ჰესების კასკადი სს „ენერგო-პრომ“ შეიძინა. მათი რეაბილიტაციისა და გადაიარაღების პროექტები ამჟამადაც მიმდინარეობს.