eng

news

სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აწჰესის ჰიდროაგრეგატის სრული განახლება დაასრულა

26 აპრილი, 2016
სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ წარმატებით დაასრულა აჭარაში აწის ჰიდროელექტროსადგურის ჰიდროაგრეგატის სრული განახლება. პროექტის ფარგლებში განხორციელდა მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომელთა შედეგად ჰესის დადგმული სიმძლავრე გაიზარდა 16 მგვტ-დან 18,4 მგვტ-მდე. რეკონსტრუქციის პროექტი დაიწყო 2014 წლის მიწურულს და დასრულდა მიმდინარე წლის მარტში; კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 12 მლნ ლარამდე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სრულიად შეიცვალა ტურბინა და გენერატორი, დამონტაჟდა თანამედროვე მართვისა და მონიტორინგის სისტემა, აგრეთვე, თანამედროვე ციფრული სარელეო დაცვები, განხორციელდა ჰიდროაგრეგატის დეტალებისა და კვანძების რეკონსტრუქცია.

“აწჰესზე განხორციელებული სამუშაოები მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის, რადგან განხორციელებულმა პროექტმა მოგვცა საშუალება რეალურად გაგვეზარდა ჰესის დადგმული სიმძლავრე და რაც მთავარია, წლიური საპროექტო გამომუშავება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ენერგოქსელში დამატებითი სიმძლავრეების მიწოდებას. დამატებით გამომუშავებული ელექტროენერგია კი ჩაანაცვლებს იმპორტირებული, ძვირადღირებული ელექტროენერგიის გარკვეულ ნაწილს” – განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ჰიდროენერგო დეპარტამენტის ექსპლუატაციის, პროფილაქტიკისა და დიაგნოსტიკის განყოფილების უფროსმა ლევან საჩალელმა.

გენერაციის მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას კომპანიის საკუთრებაში არსებულ სხვა ჰიდროელექტროსადგურებზეც.