ენერგია ნათელი მომავლისთვის!

უსაფრთხოების წესები

მოსახლეობის საყურადღებოდ!

გ ა ხ ს ო ვ დ ე თ!

საჰაერო ხაზის გაწყვეტილ და დაწეულ სადენებთან შეხებამ, აგრეთვე, მიწაზე დაგდებულ სადენთან მიახლოებამ, შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ელექტრული დენით დაშავება.

არ მიუახლოვდე მიწაზე დაგდებულ სადენს 8 მ-ზე უფრო ახლოს!

არ შეეხო მიწის ზედაპირზე, არხებში, ჭებში არსებულ საკაბელო ხაზებს! გახსოვდეს, რომ ისინი მოქმედი ძაბვის ქვეშაა და მათთან მიახლოება სასიკვდილოა!

ჩამოვარდნილი სადენის აღმოჩენისას, ორგანიზება გაუკეთე დაზიანების ადგილის დაცვას და სასწრაფოდ შეატყობინე ენერგოკომპანიის თანამშრომლებს!

არ შეიძლება საჰაერო ხაზის ქვეშ რაიმე ტიპის ნაგებობის აღმართვა, ცეცხლის გაჩაღება, ხეების დარგვა, თივის ზვინების, საველე კარვების დადგმა, მასალების დაცლა და დასაწყობება, სადენების სიახლოვეს ანტენების დაყენება, სამუშაოთა წარმოება ლითონის სამარჯვების გამოყენებით!

დაუშვებელია მოსახლეობის მიერ ელექტრულ ქსელთან თვითნებური მიერთება და რაიმე სახის სამუშაოების ჩატარება!

ნუ შეეხებით შენობაში და ბინებში განათების გაყვანილობის შიშველ და იზოლაცია-დაზიანებულ დენგამტარ ნაწილებს! ნუ შეეხებით ელექტრონათურის ვაზნას შიგნიდან და ნუ გამოცვლით ნათურებს საიზოლაციო სადგარზე (მშრალ ფიცარზე) შედგომის გარეშე! ეს საშიშია სიცოცხლისათვის, მითუმეტეს სარდაფებში, მიწის ნაგებობებში და სველ იატაკზე!

თქვენს მიერ ელექტროქსელებში შენიშნული ნებისმიერი ავარიული ან საშიში მდგომარეობა, როგორიცაა სადენების გაწყვეტა და ჩამოვარდნა, ბოძების წაქცევა, სადენების მიწის ზედაპირთან მიახლოება, ძლიერი ნაპერწკლიანობა, ხანძარი და სხვა, ადამიანებისა და საქონლის ელექტრული დენით დაზიანება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს თქვენი რაიონის მომსახურების ცენტრს.

აუკრძალე ბავშვებს იმ შენობების სახურავებზე ასვლა, რომელთა სიახლოვესაც გადის საჰაერო ხაზი, საჰაერო ხაზების საყრდენებზე ასვლა, საჰაერო ხაზების ქვეშ თამაში, ხაზზე მავთულების და სხვა ნივთების შეგდება, კოცონის დანთება, იზოლატორების და განათების ლამპიონების მტვრევა; აგრეთვე, გამანაწილებელი ფარების, ძალოვანი კარადების, სატრანსფორმატორო ქვესადგურების კარებების გაღება, რომლებზედაც, როგორც წესი მიმაგრებულია გამაფრთხილებელი პლაკატები.

ა კ რ ძ ა ლ უ ლ ი ა:

სამშენებლო, მიწის და ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოება, მასალების, შეშის, ჩალის დაწყობა, საველე კარავების, თივის ზვინების და სხვა ნაგებობების დადგმა, ცეცხლის გაჩაღება, ხეების დარგვა, სტადიონის, სპორტული ნაგებობების, ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ მასობრივი სეირნობების და გასართობების მოწყობა, კომბაინების, ტრაქტორების, ამწეების, ავტომანქანების, ურმების და სხვა ტრანსპორტის მოძრაობა, რომელთა სიმაღლე ტვირთიანად მიწის ზედაპირიდან აღემატება 4,5 მეტრს.