eng

news

ელექტროობის მიმართულების წარმატებულ სტუდენტებს სტიპენდიები დაენიშნებათ - ისინი ანაზღაურებადი სტაჟირების და დასაქმების შეთავაზებასაც მიიღებენ

20 ივლისი, 2023

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ და ზესტაფონში მდებარე კოლეჯ ,,კონსტრუქტ2ს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. კოლეჯის ელექტროობის მიმართულების წარმატებული სტუდენტებისთვის ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ განსაკუთრებული შეთავაზებები აქვს. ,,აირჩიე სინათლე“ - ამ სლოგანით მიმართავს კომპანია მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ აურჩევია პროფესია.

 

,,აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის. პროფესიები, რომლებიც აქ ისწავლება და პროფესიონალები, რომლებიც აქ უნდა გაიზარდნონ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკული მომავალისთვის, ამიტომ, ყველას გვინდა მოვუწოდოთ, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს არჩეული პროფესია, აირჩიონ სინათლე, ჩააბარონ თუნდაც აღნიშნული კოლეჯის ელექტროობის მიმართულებაზე და ისწავლონ კარგად. თავის მხრივ ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ მათ სტიპენდიას, ანაზღაურებად სტაჟირებას და დასაქმების შეთავაზებას ჰპირდება“ - განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ გიგა მამისეიშვილმა.

 

მსგავსი მემორანდუმების ფარგლებში, კომპანია მრავალი წელია თანამშრომლობს საქართველოში არსებულ უმაღლეს თუ პროფესიულ სასწავლებლებთან. მათი წარმატებული ყოფილი სტუდენტების დიდი ნაწილი სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ უკვე სრულუფლებიანი თანამშრომლები არიან.

 

,,გარდა ამისა, ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ აქტიურად მუშაობს გენდერულ საკითხებზე. თქვენ იცით, რომ გოგონები ნაკლებათ ირჩევენ ენერგეტიკოსის პროფესიას. ამიტომ, მათთვის კიდევ უფრო განსაკუთრებული შეთავაზება გვაქვს, აირჩიონ სინათლე, ჩააბარონ და ისწავლიან ,,კონსტრუქტ2“ -ის ენერგეტიკის მამრთულებაზე, კომპანია მათ ყველანაირი წინაპირობის გარეშე ჰპირდება სტიპენდიასაც, ანაზღაურებად სტაჟირებასაც და დასაქმებასაც“ - განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ტრაპაიძემ.