eng

news

„ენერგო-პრო ჯგუფმა“ ესპანეთში 167 მგვტ სიმძლავრის ათი ჰესი შეიძინა

06 ოქტომბერი, 2023

ელექტროენერგიის დამოუკიდებელი მწარმოებელი, ჩეხური კომპანია „ენერგო-პრო“ ეი. ეს. საქმიანობას ესპანეთში გალიციაში აფართოვებს. კომპანიამ დაასრულა Xallas Electricidad y Aleaciones, S.A.U ("Xeal") და Feroe Ventures & Investments S.L.U. ("Feroe") კომპანიების 100% სააქციო კაპიტალის შეძენა წამყვანი გლობალური საინვესტიციო ფირმა SIXTH STREET-გან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩეხური ინვესტიცია ესპანეთში. ტრანზაქციის დასაფინანსებლად „ენერგო-პრო“ ეი. ესმა  300 მილიონი ევროს სესხი მიიღო J.P. Morgan and Goldman Sachs-ისგან. Xeal ფლობს და ამუშავებს 167 მეგავატი სიმძლავრის ათ ჰიდროელექტროსადგურს და ორ ფეროშენადნობ ქარხანას.

 

„ესპანეთში, გალიციაში ჰიდროელექტროსადგურების შეძენა არის ჩვენი საქმიანობის დივერსიფიკაციის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური რისკების შემცირებას. პირველად გავედით ევროზონის უმსხვილეს და ჩვენთვის პერსპექტიულ ბაზარზე. აღნიშნული შესყიდვთ გაიზრდება გაყიდვების მოცულობა ევროში, რაც პოზიტიურად აისახება ენერგო-პროს კაპიტალის სტრუქტურაზე“, - განაცხადა „ენერგო-პრო ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა პეტრ მილევმა.

 

ENERGO-PRO თითქმის 30 წელია სპეციალიზირებულია ჰიდროგენერაციის მიმართულებით. კომპანია ფლობს და ამუშავებს 34 ჰიდროელექტროსადგურს ბულგარეთში, საქართველოსა და თურქეთში, ჯამური დადგმული სიმძლავრით 859 მეგავატი. ის ასევე აქტიურია ლათინურ ამერიკაში და ამჟამად აშენებს ახალ ჰიდროელექტროსადგურს კოლუმბიაში.

 

ჯგუფი ფლობს ელექტროგამანაწილებელ ქსელს ბულგარეთში და საქართველოში, რომელიც ემსახურება 2,5 მილიონზე მეტ აბონენტს. ის არის ერთერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი, 9000-ზე მეტი თანამშრომლით.

 

ENERGO-PRO-სთან აფილირებული კომპანიები, ასევე, ფლობენ და მართავენ ორ ჰიდროელექტროსადგურს თურქეთში: Alpaslan II და Karakurt ჯამური დადგმული სიმძლავრით 377 მეგავატი, ასევე ორ ჰიდროელექტროსადგურს ჩეხეთში. ჯგუფის ჯამური დადგმული სიმძლავრე 1248 მეგავატს აჭარბებს. ჯგუფის სამრეწველო საყრდენი არის ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროელექტრომექანიკური მოწყობილობების წამყვანი მწარმოებელი Litostroj Group.