eng

news

ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკურმა ბრიგადამ ექსტრემალურ ვითარებაში წარმატებით შეასრულა ურთულესი სამუშაო

11 თებ, 2016
სს „ენერეგო-პრო ჯორჯიას“ სპეციალური ტექნიკური ბრიგადა ალპურ ზონაში 4 საათის განმავლობაში მუშაობდა. დაზიანებული 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „მოაშის“ აღდგენის მიზნით, სამუშაო ლენტეხის რაიონის კურორტ მოაშთან 5 კმ-ში, ზღვის დონიდან 2400 მ სიმაღლეზე მიმდინარეობდა. ხაზის ავარიულ მონაკვეთთან ბრიგადა ვერტმფრენმა დატოვა, რადგან რთული რელიეფის და დიდთოვლობის გამო, დაზიანების ადგილამდე მისვლა შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, ფიქსირდებოდა -15 C0 ტემპერატურა და ამ პირობებში კომპანიის თანამშრომლებს მოუწიათ ხელით სამუშაოების შესრულება.

ერთი კვირის განმავლობაში, ალპურ ზონაში სამუშაოების დაწყებამდე, კომპანიის ქუთაისის, ზესტაფონის, რაჭის, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაღალი ძაბვის სამსახურის თანამშრომლებს, ასევე, რთულ პირობებში უწევდათ „მოაშის“ ტრასის შემოვლა-დათვალიერება.

გადამცემი ხაზი „მოაში“ არის დაბა მესტიის ძირითადი მკვებავი ხაზი, ასევე ამარაგებს ელექტროენერგიით მესტიის რაიონის სოფლებს და ახლადგახსნილ სათხილამურო კურორტ თეთნულდს, შესაბამისად აღნიშნული ხაზის აღდგენა მეტად მნიშვნელოვანი იყო კომპანიისთვის. ,,ყველაზე დიდი რისიკი კი ის იყო, რომ ამინდის გაუარესების შემთხვევაში, ვერტმფრენი ვეღარ შეძლებდა ავარიის ადგილას დაბრუნებას და თანამშრომელთა გამოყვანა შეუძლებელი გახდებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენმა თანამშრომლებმა გამოთქვეს მზადყოფნა და წინასწარ შეთანხმებულ დროის მონაკვეთში, წარმატებით მოახდინეს ავარიული მონაკვეთის აღდგენა, რისთვისაც დიდი მადლობა მათ, ნამდვილად საამაყო და დასაფასებელია, რომ ასეთი პროფესიონალები ემსახურებიან საქართველოს ენერგეტიკას“- განაცხადა ენერგო-პრო ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.