„ენერგო-პრო“ დაარსდა ჩეხეთის რესპუბლიკაში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, ქალაქ სვიტავში, 1994 წელს და უკვე 30 წელია სპეციალიზირებულია ენერგიის წარმოებაში, დისტრიბუციასა და გაყიდვაში. დღეს ჯგუფი ჰიდროენერგეტიკის სექტორში უმსხვილესი ჩეხი ინვესტორია, რომელიც ფლობს და მართავს 53 ჰიდროელექტროსადგურს 5 ქვეყანაში. ჩეხეთის რესპუბლიკიდან დროთა განმავლობაში ჯგუფმა შეიძინა ენერგოაქტივები ბულგარეთში, საქართველოში, თურქეთსა და ესპანეთში. ჯგუფის გაფართოება ახლა გრძელდება ლათინურ ამერიკაში - მათ შორის კოლუმბიასა და ბრაზილიაში.
„ენერგო-პრო ჯგუფის“ საქმიანობის მეორე საყრდენი ელექტროენერგიის დისტრიბუცია და გაყიდვაა. ბულგარეთსა და საქართველოში ის ენერგიას 2.6 მილიონზე მეტ მომხმარებელს აწვდის. „ენერგო-პრო ჯგუფი“ ამჟამად არის ელექტროენერგიის დისტრიბუციის უდიდესი კომპანია საქართველოში და ჰიდროენერგეტიკის უდიდესი კერძო მწარმოებელი ბულგარეთში. ჯგუფი საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე 2006 წელს შემოვიდა.